07 April, 2008

კომპიუტერული თამაშები



უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ინტენსიურად დავიწყე კომპიუტერული თამაშების დაქაჩვა და დამუღამება :) არა, ადრეც ვთამაშობდი, თუმცა იშვიათად და ისიც ძირითადად სტატეგიებს (Warcraft III, Starcraft, Army Men: RTS და ა.შ.), მაგრამ ბოლო დროს რაღაც განსაკუთრებული ინტერესი გამიჩნდა...

ნუ რაღათქმაუნდა თავიდან სრული ლამერი ვიყავი თამაშებში და მაგალითად ქვესტი და სარვაივალ-ჰორორი ჩემთვის ერთი ჯანდაბა იყო :ლოლ:

მერე ნელ-ნელა ვისწავლე გარჩევა....

მოკლედ, აქ მოვიყვან თამაშების ჟანრების დახასიათებას, რომელიც თავის დროზე ძალიან გამომადგა ყველაფრის გარკვევაში :)


თამაშები თემატიკისა და სტილის მიხედვით იყოფა ჟანრებად; ეს ჟანრები კი სტვადასხვაა...

RPG -- არის აბრევიატურა Role Playing Game-დან და წარმოადგენს თამაშის ჟანრს, როდესაც მოთამაშე ერგება რაიმე როლს ან პერსონაჟს და მისით მოქმედებს თამაშის ვირტუალურ სამყაროში. ხშირად როლს თვითონ მოთამაშევე ქმნის, ანუ ქმნის თავისსავე სათამაშო პერსონაჟს, ანუ ე.წ. "ჩარს" (მაგალითად, ირჩევს მისთვის პროფესიას, სქესს, გარეგნობას, ტანსაცაცმელს და ა.შ.). შემდეგ ამ პერსონაჟით მოთამაშე ებმება ვირტუალურ თავგადასავლში ან კვესტში. Online RPG-ების შემთხვევაში, მსგავსი თავდაგასავლის განცდა შეიძლება მეგობრებთან ერთად, ტომელიც თამაშობენ გარკვეულ სათამაშო სერვერზე, რომელიც გაშვებულია ინტერნეტში (იშვიათ შემთხვევებში ლანშიც).

Online RPG თამაშები:
LINEAGE II; World of Warcraft; SilkRoad; Voyage Century
და ა.შ.

არა online RPG, ანუ single:
Gothic I, II, 3; The Elder Scrolls III - Morrowind; Elder Scrolls IV: Oblivion; Arx Fatalis...


Real-Time Strategy -- რეალური დროის სტრატეგია, სადაც მოთამაშე აშენებს ქალაქებს, ქმნის არმიას, აწარმოებს საბრძოლო მოქმედებებს, მართავს ეკონომიკას და ასე შემდეგ. მაგალითები: WarCraft, Command & Conquer, Settlers.

Turn-Based Strategy -- მონაცვლეობითი სტრატეგია, სადაც მოთამაშე ეთამაშება ადამიანს ან კომპიუტერს ჭადრაკის პრინციპით, ანუ ასრულებს გარკვეული მოქმედებების სერიას და ელოდება საპასუხო ნაბიჯებს მოწინააღმდეგისაგან. მაგალითები: Heroes of Might & Magic, Disciples, Age of Wonders.

Squad-Based Strategy -- რეალური დროის სტრატეგიის ნაირსახეობა, როდესაც მოთამაშე მართავს გარკვეული პრინციპით დაკომპლექტებულ რაზმს. სტრატეგიული ელემენტი ამ ტიპის თამაშებში მდგომარებს არა ეკონომიკურ აღმშენებლობაში, არმიის შექმნაში ან დიპლომატიური გადაწყვეტილებების მიღებაში, არამედ კონკრეტული საბრძოლო ან დივერსიული მისიის შესრულების სტრატეგიულ-ტაქტიკურ დაგეგმვაში. მაგალითები: Commandos, Robin Hood: The Legend of Sherwood, Chicago 1930.

Simulators -- სხვადასხვა სახის სიმულატორები. ეს შეიძლება იყოს ავტომობილის, თვითმფრინავის, ტანკის, წყალქვეშა ნავის, ავტობუსის და ნებისმიერი სხვა საზღვაო, სახმელეთო თუ საჰაერო ტრანსპორტის სამართავი სიმულატორი. სიმულატორი, განსხვავებით ჩვეულებრივი "გასართობი" თამაშისგან, ცდილობს მართვის პროცესის მაქსიმალურად რეალისტურად გადმოცემას. აგრეთვე არსებობს ე.წ. "ცხოვრების სიმულატორები" (Life Sims), სადაც ხდება ადამიანის ცხოვრების ვირტუალური სიმულაცია. მაგალითები: Microsoft Flight Simulator, Silent Hunter, The Sims.

Arcade Racing -- სხვადასხვა სახის რბოლები -- ავტომობილებზე, მოტოციკლებზე და ასე შემდეგ. არკადული რბოლების ჟანრი, განსხვავებით ავტო-მოტო სიმულატორებისგან, ნაკლებად ცდილობს რეალიზმის ასახვას და უფრო მოთამაშის გართობაზეა ორიენტირებული, ამიტომ ასეთი ტიპის თამაშებში მანქანის მართვა მაქსიმალურად გამარტივებულია, აქცენტი კი გადატანილია "დრაივზე" და გრაფიკულ მიმზიდველობაზე. მაგალითები: Need for Speed, Flatout, Juiced.

Adventure -- სათავგადასავლო თამაშების (ე.წ. "კვესტების") ჟანრი. კლასიკური კვესტი შემდეგი პრინციპით მუშაობს -- ხელით დახატულ, სტატიკურ ლოკაციებზე მოძრაობს ანიმირებული პერსონაჟი, რომელიც სხვადასხვა ნივთებს აგროვებს ინვენტარში და ცდილობს მათი მეშვეობით თავსატეხების ამოხსნას. ზოგ კვესტში მთავარი პერსონაჟი შესაძლოა საერთოდ არც ჩანდეს, ხოლო ბევრ თანამედროვე კვესტში სტატიკური ლოკაციები სრულფასოვანი 3D სამყაროებითაა შეცვლილი, ანიმაციური პერსონაჟები კი რეალისტური 3D მოდელებით. კვესტში, როგორც წესი, მოთამაშეს აქვს განუსაზღვრელი დრო საფიქრელად და მას არ მოეთხოვება სწრაფი აზროვნება, სხარტი რეაქცია და სხვა თვისებები, რაც სჭირდება სტრატეგიის ან ექშენის ტიპის თამაშებს. კვესტის სათამაშოდ საჭიროა მხოლოდ ლოგიკა და ანალიზის უნარი. მაგალითები: Myst, Broken Sword, Syberia.

Action-Adventure -- ეს არის ექშენისა და კვესტების ერთგვარი ნაზავი. ჟანრის კლასიკური ნიმუშია Alone in the Dark, რომელსაც კლასიკური კვესტის გეიმფლეი აქვს (სტატიკური ლოკაციები და ინვენტარი), მაგრამ იყენებს ექშენის ტიპის თამაშებისათვის დამახასიათებელ ელემენტებსაც, ანუ მასში არის მოწინააღმდეგე, რომელსაც იარაღით უნდა გაუმკლავდე. სხვანაირად რომ ვთქვათ, Action-Adventure არის კვესტი, რომელშიც ლოგიკური თავსატეხების ამოხსნასთან ერთად მოთამშეს მოეთხოვება სწრაფი აზროვნება და რეაქცია. მაგალითები: Alone in the Dark, Resident Evil, Silent Hill.

Action -- 3D თამაშების ჟანრი, რომელშიც წამყვანი ადგილი მოქმედებას უჭირავს. როგორც წესი, ასეთი თამაშები დაყოფილია დონეებად (levels), ანუ ეპიზოდებად, რომლებიც თანმიმდევრობით უნდა გაიაროს მოთამაშემ. ეს დონეები სავსეა მოწინააღდეგეებით, რომლებიც ცდილობენ მოთამაშის მოკვლას. ყოველი მომდევნო დონე უფრო ძნელი გასავლელია, ვიდრე წინა. ხშირად ზოგიერთი დონის დასამთავრებლად მოთამაშემ უნდა დაამარცხოს ე.წ. "ლეველ-ბოსი", ანუ ჩვეულებრივ მოწინააღმდეგეებზე ბევრად უფრო ძლიერი მონსტრი ან ადამიანი, რომლის დამარცხებლად არა მხოლოდ იარაღია საჭირო, არამედ მოხერხებულობაც და ტაქტიკაც. მაგალითები: MDK, Tomb Raider, Max Payne.

Stealth Action -- ექშენის ტიპის თამაში, რომელშიც გამოყენებულია ე.წ. stealth ელემენტები -- ანუ ფარულად მოქმედება, ინფილტრაცია, შპიონაჟი და ასე შემდეგ. ამ ტიპის ექშენში მოთამაშე შეიძლება იყოს ჯაშუში, საიდუმლო აგენტი, დაქირავებული კილერი ან უბრალოდ ქურდი. მოწინააღდეგეთა ხელოვნური ინტელექტის დონე მაქსიმალურად რეალისტურია -- ისინი რეაგირებენ ხმაურზე, ცუდად ხედავენ სიბნელეში, საფრთხის შემთხვევაში კი ცდილობენ დახმარება გამოიძახონ. მოთამაშემ უნდა გამოიყენოს გარემო, ამოეფაროს ობიექტებს, ჩუმად მიეპაროს მტერს, გამოიცვალოს ტანსაცმელი მასკირების მიზნით და ასე შემდეგ. მაგალითები: Splinter Cell, Hitman, Thief.

Driving Action -- ეს არის სპეციფიური ჟანრი, რომელიც წარმოადგენს ექშენისა და ავტორბოლების ნაზავს. მოქმედება, როგორც წესი, ხდება თავისუფალ, გაშლილ სამყაროში, სადაც მოთამაშეს შეუძლია გადაადგილება როგორც მანქანით, ასევე ფეხით. მოთამაშე ასრულებს სხვადასხვა დავალებებს, რის მეშვეობითაც ხდება სიუჟეტის განვითარება. მაგალითები: Grand Theft Auto, True Crime: Streets of LA, The Godfather.

FPS (First Person Shooter) -- ექშენის ტიპის 3D თამაში, რომელშიც მოქმედება წარმოებს პირველი პირის ხედიდან. როგორც წესი, FPS თამაშებში აქცენტი გადატანილია ცეცხლსასროლ იარაღზე, ხოლო ცივი იარაღი გამოიყენება მხოლოდ როგორც დამხმარე საშუალება. მაგალითები: Half-Life, Medal of Honor, Serious Sam.

Tactical Shooter -- ეს არის ექშენი ან FPS, რომელიც შეიცავს ტაქტიკის ელემენტებს. მოთამაშის განკარგულებაშია პატარა (როგორც წესი 3-4 კაციანი) რაზმი, რომელსაც ევალება სპეციფიური დავალებების შესრულება -- მძევლების გამოხსნა, ნაღმის აღმოჩენა-გაუვნებელყოფა, დივერსიული დარტყმის მიყენება და ასე შემდეგ. მაგალითები: Ghost Recon, Rainbow Six, SWAT.

ეს არის ჟანრების არასრული ჩამონათვალი, ამის გარდა კიდევ უამრავი ჟანრი და ქვეჟანრი არსებობს, რომელთა ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს.

© 7th Guest; Irakli.


No comments:

Post a Comment