22 January, 2021

დღემდე აქტუალური -2112-

 

© wikipedia.org


2018 წელს გამოვიდა სპილბერგის გადაღებული საი-ფაი ფილმი "Ready Player One", რომელიც აღწერს ახლო მომავლის მსოფლიოს, სადაც ინტერნეტის მაგივრად გვაქვს ყოვლისმომცველი ვირტუალური ქსელი "ოაზისი". მილიარდობით ადამიანი ყოველდღე შედის და ფაქტიურად ცხოვრობს ოაზისში - განათლება, ბიზნესი, შოპინგი, ტურიზმი, თამაშები, ... - აქ ყველას ინტერესების დაკმაყოფილებაა შესაძლებელი. და აი, კვდება ამ ქსელის დამფუძნებელი, ანდერძად კი ტოვებს მის უკანასკნელ "თამაშს": ვინც ოაზისში დამალულ 3 გასაღებს იპოვის, მთელი მისი ქონება და ქსელზე საკონტროლო პაკეტი მას გადაეცემა...

ფილმი საკმაოდ კარგია, თუმცა ძალიან ბევრი რამ ამოკლებული/გამარტივებული/გადაკეთებულია  იმ წიგნთან შედარებით რაზედაცაა დაფუძნებული - ერნესტ კლაინის 2011 წელს გამოცემული "Ready Player One" ("პირველი მოთამაშე, მოემზადე!").

წიგნში თავის მხრივ მოცემულია 70-80-იანი წლების უამრავი რეფერენსი - ფილმები, წიგნები, მუსიკა, ვიდეოთამაშები, და ა.შ... ხოლო გასაღებების ძიების ასე ვთქვათ "მთავარი ქვესთი" ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული იმ სიმღერასთან რაზედაც მინდა ამ პოსტში ვისაუბრო :)

კანადური პროგრესივ-როკ ჯგუფი "Rush" 60-იანებში და დაფუძნდა, ხოლო 1976 წელს გამოსცა ჩვენთვის საინტერესო ალბომი "2112". მისი სატიტულო სიმღერა შვიდ ნაწილად დაყოფილი, ოცწუთიანი ბალადაა ამ ჟანრის საუკეთესო ტრადიციისამებრ :)

"თვალგახელილი ვწევარ და მეგადონის წკვარამს გავცქერი. ქალაქი და ზეცა ერთდება, უწყვეტ ნაცრისფერ, ერთგვაროვან ზღვად ერწყმის ერთურთს. ტყუპი მთვარე, ორი ფერმკრთალი სფერო, გზას მიიკვლევს ფოლადის ცაზე...."

სიმღერაში მოთხრობილია ანონიმ მეამბოხეზე, რომელიც 2112 წელს ცხოვრობს, იმ დროს, როდესაც შემოქმედებითობა და თვითგამოხატვის ყოველგვარი მცდელობა კანონგარეშეა გამოცხადებული. 2062 წლის შემდეგ ომებს გადარჩენილი პლანეტები გაერთიანებულია მზის ფედერაციის წითელი ვარსკვლავის ქვეშ, რომელსაც ე.წ. "ქურუმები" მართავენ "სირინქსის ტაძრებიდან".



© cygnus-x1.net

 

"ჩვენ ვართ სირინქსის ტაძრის ქურუმნი
ჩვენი უზარმაზარი კომპიუტერები წმინდა დარბაზებს ავსებს.
ჩვენ ვართ სირინქსის ტაძრის ქურუმნი
ძღვენი სიცოცხლისა ყოველი ჩვენს კედლებშია დავანებული.

ჩვენ ყველაფერზე ვიზრუნეთ
სიტყვები რომელსაც კითხულობ, სიმღერები რომელსაც მღერი
სურათები, რომლებიც სიამოვნებას ანიჭებს შენს თვალებს
ეს არის ერთი ყველასთვის და ყველა ერთისთვის
ჩვენ ერთად ვმუშაობთ, საერთო ძეები
რომ არასდროს დაგჭირდეს კითხვა - როგორ ან რატომ..."


(აქ აშკარად კომუნისტური დისტოპიური დიქტატურის აღწერაა, თუმცა მშვენივრად ესადაგება დღევანდელ რეალობასაც :) )

შემდეგ სიუჟეტი ასე ვთქვათ "კლასიკური სქემით" ვითარდება: ჩვენი ანონიმი გმირი ჩანჩქერის ქვეშ გამოქვაბულში პოულობს გიტარას და გადაწყვეტს ტაძარში წაიღოს რომ ყველას შეეძლოს მისი ნახვა.

"ვერ ვიცდი, რომ გავუზიარო ეს ახალი საოცრება
ხალხს, ყველა დაინახავს მის სინათლეს
დაე ყველამ შექმნას საკუთარი მუსიკა
ქურუმები შეაქებენ ჩემს სახელს ამ ღამით."


© cygnus-x1.net

 

მაგრამ, რათქმაუნდა სისტემა ასეთ თვითნებობას ვერ დაუშვებს. არავის სჭირდება ინდივიდუალიზმი, რომელიც არსებულ "ძმობას" და "თანასწორობას" საფრთხეს შეუქმნის...

ანონიმი გმირი დევნილობაში, მარტოობაში კვდება... ესიზმრება რა, რომ სადღაც, ბევრი სინათლის წლის დაშორებით, არსებობს კიდევ ხალხი, რომელიც ოდესმე ამ ტირანიას დაამარცხებს და საკუთარ სახლში დაბრუნდება.

თუმცა ეს მხოლოდ სიზმარია... (?)

 

© cygnus-x1.net

 

Attention all Planets of the Solar Federation
We have assumed control
We have assumed control...

 


 

No comments:

Post a Comment