© nobadmovie.com / flicks.co.nz
ვეს ანდერსონის 2021 წლის The French Dispatch მრავალშრიანი ისტორიაა. ყოველი შრე - მინი-ისტორია - წარმოადგენს ამავე სახელწოდების ფიქტიური გაზეთის ჟურნალისტების რედაქციისათვის დაწერილი სტატიის ვიზუალიზაციას. ეს ისტორიები ყოველთვის მთავრდება მათი გაზეთის რედაქტორის მიერ წაკითხვით და შესაბამისი შენიშვნების დართვით. თავად მათი ერთობლიობა კი არის თითქოს კოლექტიური მოგონება რედაქტორის ცხედართან შეკრებილი თანამშრომლებისა.
სულ გვაქვს 4 სტატია - მინი-ისტორია, რომელსაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ: ქალაქის ამბავი; მხატვრის ამბავი; სტუდენტური პროტესტების ამბავი და ჟანდარმერიის მზარეულის ამბავი. თუმცა ეს პირობითად, რადგან არც ეს სახელები, არც მათი ოფიციალური (სტატიისეული) სათაურები, სრულად არ ასახავს ისტორიების შინაარსს. რადგან თავად ეს ისტორიებიც მრავალშრიანი ამბებია... ისტორიებში შეფუთული ისტორიები.
ყველაზე მოკლე, და ყველაზე მარტივიც არის პირველი, ქალაქის ამბავი, გადმოცემული ველოსიპედით მოსიარულე ჟურნალისტის მიერ. მოკლე ტური ფიქტიური პატარა ფრანგული ქალაქის Ennui-sur-Blasé-ს ქუჩებსა და წარსულ-აწმყოში. ჩვენ ვხედავთ ლამაზ თუმცა მანქანების გამონაბოლქვით სავსე ქუჩებს, ხულიგანი ბავშვების ბანდებს, საეჭვო ხალხით სავსე ჩიხებსა თუ წითელი ფანრების უბნებს.. ერთი სიტყვით ქალაქის მანკიერი მხარეების აღწერას (ისე რომ ბოლოს რედაქტორი ეკითხება რაიმე პოზიტიურიც ჩაგემატებინა, მაგალითად ყვავილებიო, ხოლო ჟურნალისტი პასუხობს რომ ყვავილებს ვერ იტანს). ეს ყველაფერი იყო წარსულში და უცვლელადაა დარჩენილი აწმყოშიც (და იქნება მომავალშიც). და მიუხედავად მისი სიმოკლევისა, ეს ისტორია ტონს აძლევს მთელს ფილმს, და მაყურებელს უკვე ექმნება გარკვეული მოლოდინი თუ როგორი ამბები იქნება სხვა დანარჩენი (ქაოტური, ბევრი დეტალებით და საბოლოოდ ყველაფრის მუდმივობასა და წარმავლობაზე მიმანიშნებელი).
მეორე ისტორია არის მკვლელობის, უფრო სწორედ მკვლელობებისათვის, ციხეში მჯდარ ადამიანზე, რომელმაც იქ მისი მუზა (როგორც პირდაპირი ისევე გადატანითი მნიშვნელობით) იპოვა და ხატვა დაიწყო. ამასთანავე, ეს არის სატირა ხელოვნების სფეროს, კურატორების, კოლექციონერების, არტისტების, ათასი ჯურის "ბოჰემისა" და დიდი ფულის შესახებ. ანდაც, ისტორია უბირი ფერმერის ოჯახში დაბადებულ გოგოზე, რომელიც გამდიდრდა, სრულიად ცივსისხლიანად და პრაგმატულად, საჭირო ადგილას, საჭირო ადამიანთან და საჭირო სიტუაციაში მოხვედრის შედეგად.
მესამე ისტორია არის ამბავი ჟურნალისტისა, რომელიც მიუკერძოებელი დამკვირვებლის როლს ნამდვილად ვერ ასრულებს. ანდაც ამბავი ხანში შესული, მარტოხელა ქალისა, რომლსაც საბოლოოდ მაინც ახალგაზრდაზე ცვლიან. ან ამბავი არშემდგარი რევოლუციონერისა, რომელიც უბრალოდ და უსახელოდ კვდება. ან შეიძლება ამბავი თავად სტუდენტური "რევოლუციისა", რომლისთვის მანიფესტიც კი გარედან მოსულმა "რეაქციონერმა" დაწერა...
მეოთხე, და ჩემი აზრით ყველაზე სუსტი, ისტორია არის გურმან ჟანდარმერიის უფროსსა და მის უდედოდ გაზრდილ შვილზე. ასევე გამტაცებელთა ბანდაზეც. და ჟურნალისტ-ჰედონისტზე, რომელსაც უყვარს მოვლენების მხოლოდ ზედაპირულად აღწერა, თუკი ის არ ეხება საჭმელს. და არანაირად არის ემიგრანტ იაპონელ ჟანდარმ-მზარეულზე, რომელიც პიროტექნიკური ეფექტებისადმი სიყვარულის გარდა ახალი გემოვნებითი შეგრძნებების ძებნითაც არის დაკავებული.
თუმცა ეს ისტორიები თავისთვის, განყენებულად არაა მოთხრობილი - ყველა მათგანი არის ჟურნალისტების პრიზმიდან დანახული და გადმოცემული. შესაბამისად ყველა ეს ისტორია ალეგორიაა იგივე თითოეული ჟურნალისტის შინაგანი სამყაროსი. რაც ხაზგასმულია რედაქტორის მიერ მათდამი დამოკიდებულებითაც - საბოლოოდ სტატიების/ამბების ფაქტიურად ჩასწორების გარეშე, ორიგინალი სახით მიღებით.
ყველაფერი იწყება და მთავრდება გაზეთის რედაქციაში, ისტორიები სტატიებად ჩნდება ფურცლებზე, შემდეგ აქტუალობას კარგავს და ადგილს უთმობს სხვა ისტორიებს. და თავად გაზეთებსაც იგივე ბედი ელით. მუდმივობისა და წარმავლობის ალუზია ალისფერ ხაზად გასდევს მთელ სიუჟეტს.
ყველაფერს ამას დამატებული ანდერსონისეული ფერები, თხრობის მანერა, იუმორი, კადრების სიმეტრია და ალექსანდრ დესპლას მუსიკალური გაფორმება, და ვიღებთ საკმაოდ ცოცხალ და დინამიურ ისტორიას საგაზეთო ჟურნალისტ/რედაქტორების შესახებ, ფილმად აწყობილ ერთგვარ სასიყვარულო წერილს ჟურნალისტიკის მიმართ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ეს ნამდვილად არაა ვეს ანდერსონის ყველაზე წარმატებული ფილმი, და ნაკლებსავარაუდოა რომ პერიოდულად გადახედვა მომანდომოს ხოლმე (როგორც მაგალითად Moonrise Kingdom, The Royal Tenenbaums ან The Grand Budapest Hotel-მა), ვთვლი რომ თავისუფლად იმსახურებს 7/10 შეფასებას.
თუ შანსი გექნებათ კინოთეატრში ნახვისა, არ გაუშვათ ხელიდან ეს შესაძლებლობა :)
No comments:
Post a Comment