19 September, 2008

"სმაილი" 26 წლის გახდა! :D

დღეს ნამდვილად წარმოუდგენელია ინტერნეტ მომხმარებლის არსებობა ემოციების გამომხატველი პატარა გრაფიკული აიკონების - სმაილების გარეშე. დღევანდელი გადმოსახედიდან ძნელი გასაგებია თუ როგორ ურთიერთობდა ხალხი ჩეთებსა თუ ფორუმებზე სმაილების გარეშე.
ყოველწლიურად სულ უფრო მეტი სმაილი იქმნება და თანდათან რთულდება. დიდი ხანია რაც შეიქმნა ანიმირებული სმაილებიც, რომლებმაც სმაილების საერთო წილის უდიდესი სეგმენტი დაიკავეს. მიუხედავად ამისა ე.წ. ტრადიციული, არაანიმირებული მეორე თაობის სმაილები მაინც რჩება ემოციების გამოხატვის ყველაზე მოხერხებულ საშუალებად - სულ რამდენიმე სიმბოლოს აკრეფა და სმაილიც მზადაა.

ყველაფერი კი შორეულ 1982 წელს ასე დაიწყო:

:-)
:-(


როდესაც სკოტ ფალმანმა (Scott Elliot Fahlman) კარნეგი მელონის უნივერსიტეტის (Carnegie Mellon University) კომპიუტერული მეცნიერებების შეტყობინებების მთავარ დაფაზე მომხმარებლებს შესთავაზა ემოციების გამოსახატავად ზემოთმოყვანილი გრაფიკული სიმბოლოების გამოყენება, ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა თუ მისი იდეა ასე განვითარდებოდა და ინტერნეტ-ცხოვრების წესად დამკვიდრდებოდა :)

შეტყობინება დაპოსტილ იქნა 1982 წლის 19 სექტემბერს და ეს თარიღი ითვლება სმაილების შექმნის დღედ. მოგვიანებით 20 წლის შემდეგ, ეს შეტყობინება აღდგენილ იქნა ბექაფ ფაილებიდან:



შემდგომში სმაილები უფრო განვითარდა და დაიხვეწა.
ძირითადი არაანიმირებული სმაილების ბაზისური ელემენტები შემდეგია:



შემდგომ, მეორე თაობის სმაილებმა უკვე "ნახატის" სახე მიიღეს რომელიც იგივე სიმბოლოების აკრეფით შეტყობინების გაგზავნისას გენერირდებოდა ფორუმისა თუ ჩატის ფანჯარაში.

რაც შეეხება ანიმირებულ, ე.წ. მესამე თაობის სმაილებს, დღესდღეისობით ისინი გამოიყენება ინტერნეტ სივრცის ყველა სფეროში და იყოფა როგორც სტილის, ზომისა და სირთულის მიხედვით - მონუმენტური სმაილიდან მთელ კომპოზიციამდე. მათი შეტყობინებაში ჩასმა კი ხდება არა სიმბოლოების, არამედ არსებული სმაილის ლინკის ტექსტში აკრეფით (ტეგებთან ერთად).

ბევრია ისეთი შემთხვევა, როდესაც შეტყობინების პასუხად გამოყენებულია მხოლოდ და მხოლოდ სმაილი ყველანაირი ტექსტის გარეშე და მიუხედავად ამისა შეტყობინების აზრი სრულიად გასაგებია ;)
ხანდახან ისეთი შეგრძნება იბადება, თითქოს ძველი ეგვიპტის ხანაში დავბრუნდით და ისევ იეროგლიფურ დამწერლობაზე გადავდივართ :))



მიუხედავად სმაილების ასეთი ფართო გავრცელებისა, ისე ჯერ კიდევ რჩება ძირითადად არაფორმალურ, პირადულ ურთიერთობებში გავრცელებულ სიმბოლოებად, რომელთა გამოყენებაზე ოფიციალური ბეჭდვითი და ელექტრონული მედია უარს ამბობს. მინდა იმედი ვიქონიო, რომ წლების მერე საზოგადოების კონსერვატიულობა ამ საკითხში ცოტათი დაიკლებს და სმაილებს ამ სფეროს დაპყრობის შანსიც გაუჩნდებათ.

No comments:

Post a Comment