17 June, 2023

ალვის ხეები

ქალაქში, სადაც ამჟამად ვცხოვრობ, ტრამვაის ხაზების რეკონსტრუქცია-დაგრძელება მიმდინარეობს.

და ამის გამო ჩემი სახლიდან სამსახურამდე პირდაპირი ტრამვაი დროებით აღარ დადის. შესაბამისად მიწევს სხვა ნომრით მგზავრობა და შემდეგ ოფისამდე ასე 15 წუთიანი გზის ფეხით გავლა.

ეს ფეხით სავალი მონაკვეთი იწყება ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირზე და შემდეგ პატარ-პატარა ქუჩებით ადის სამსახურთან.

გზაში რამდენიმე საინტერესო ადგილის გავლა მიწევს: ღია კაფეები, სადაც დღის ნებისმიერ დროს სულ ვიღაცეები საუზმობენ; რაღაც ექსპერიმენტულ-მეზობლურ-კომუნალური ბაღჩა-ბაღი სადაც ჯერ მხოლოდ მიწა და სხვადასხვა ზომის ქოთნები იყო და შემდეგ თანდათან გაჩნდა ყვავილები, მარწყვები, პომიდორები და მგონი ვისაც რა მოუვიდა თავში ყველაფერი დათესეს; ჩაის ანდა შეიძლება უბრალო მაღაზია, სადაც ვიტრინაში უამრავი სხვადასხვა სორტის და ფორმის ჩაის პაკეტები და ყუთებია გამოფენილი; ერთ-ორი მშენებლობა, საიდანაც "ასწიე, დასწიე, ოოო კარგია" რეპლიკები ისმის ხოლმე; საბავშვო ბაღი, სადაც მუდმივად დგას მიტოვებული (?) ეტლი და ა.შ.

ჰოდა ერთი ასეთი საინტერესო მონაკვეთი არის ალვის და არყის ხეებიანი ქუჩა. ორივე ამ ჯიშის ხეები მე ძალიან მეესთეტიურება და აქამდე მშვენივრად მივსეირნობდი ხოლმე მათ ჩრდილქვეშ.

და აი, მოვიდა ზაფხული, ჩამოცხა და უცებ აღმოჩნდა რომ ეს ალვები მამლებია (ან შეიძლება პირიქით - დედლები, არ ვარ მათ ბიოლოგიაში გათვითცნობიერებული) და ახლა მთელ ქუჩაზე მოდებულია თეთრი "ბურტყლები"... ისევე როგორც თბილისში, ჩემი ძველი სახლის ეზოში იყო ხოლმე.

 

ნუ პირდაპირ ნოსტალგიაა. 😅

პ.ს. კიდევ კარგი ალერგიული არა ვარ მაგაზე. 😌

 



No comments:

Post a Comment